პრემიერი: სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები, ყველას მოვუწოდებ, რომ ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას

ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც სამწუხაროა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. კობახიძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. ძალიან მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. 320 000 მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, გააკეთა საკუთარი არჩევანი და თითოეულ ამომრჩეველს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც.

მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საგანგებოდ ჩვენი პარტიის აქტივისტებს, მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო პროცესები მთელი დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ხშირად ასეთი რამ. ასევე, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ პირად ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა, რისი განხორციელების უფლებაც მას აქვს კანონის შესაბამისად. ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო მთელი დღის განმავლობაში. ზოგადად, ყველა სუბიექტს, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები