“დღეს რევოლუციის მოწყობის ყველანაირი მცდელობა ფარსია, რადგან როგორც უნდა დაუსვა აქციაზე გამოსულ ხალხს კითხვა – რატომ ხარ გაბრაზებული ხელისუფლებაზეო, პასუხი ბუნდოვანია” – ლელა წიკლაური
“გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი: იყო ეს რევოლუცია, გადატრიალება, თუ თეატრალური წარმოდგენა ძველი ბერძნული ტრაგიკომედიის სტილში? მაგრამ არა — როგორც ზენონი იტყოდა, იმ ხალხს რომ დაეწყო სიარული ძალაუფლებისკენ, გზაში საკუთარ თავსაც ვერ დაეწეოდნენ. (ოპოზიციის ლიდერებს ვგულისხმობ)”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ლელა წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წიკლაური განმარტავს, გუშინდელი მოვლენების დროს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო.
“რევოლუცია სამი გოჭის სტილში, ფუკოს თეორიებით და სპანჯბობის სცენარით” (არაფერი პირადული… უბრალოდ, ვერ გავატარებდი გუშინდელ დღეს)
გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი: იყო ეს რევოლუცია, გადატრიალება, თუ თეატრალური წარმოდგენა ძველი ბერძნული ტრაგიკომედიის სტილში? მაგრამ არა — როგორც ზენონი იტყოდა, იმ ხალხს რომ დაეწყო სიარული ძალაუფლებისკენ, გზაში საკუთარ თავსაც ვერ დაეწეოდნენ (ოპოზიციის ლიდერებს ვგულისხმობ).
სცენაზე გამოჩნდა მსოფლიო ბანი და წაიკითხა დეკლარაცია ყველაზე დაბალი ტონით, რომელიც დასპონსორებული პოლიტიკური ხარაკირი იყო, თან გენერალური რეპეტიციის გარეშე. ეს იყო პოლიტიკური ჰაიკუ. ბოლოს ცრემლებით იტირა, პერფორმანსი დაასრულა, ოდნავ გაიბრძოლა (“როგორც ხანში შესულ ადამიანს შეეძლო” – ასე თავად შეაფასეს) და ლამაზად წავიდა – აღარც ბურჭულაძე იყო და აღარც რევოლუცია.
მეორე ლიდერი, ზოდელავა გამოვიდა და თქვა, ქალები და ბავშვები უკან, ძლიერი მამაკაცები – წინო. და სად წაიყვანა? ჭიშკრისკენ, რომლის გვერდითაც თავისივე გადანგრეული ღობე ღია იყო, მაგრამ მაინც ურტყამდნენ რკინის კარს, თითქოს სოკრატეს იდეალურ სახელმწიფოში აპირებდნენ შეღწევას. ააფორიაქა სუსტი სქესის წარმომადგენლებიც, დაიმუქრა ყველა ძლიერი მამაკაცი პრეზიდენტის სასახლესთანო, მაგრამ ისინიც გადაყარა… აღარც რევოლუცია იყო და აღარც “ძლიერი მამაკაცები”.
ვერ გავიდნენ ბოლომდე – სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო, რადგან ოპოზიციის “კარნავალში” ჯარისკაცის ფორმა მხოლოდ კოსტუმია კაზმული დისციპლინა კი სელფის ჭერამდე ძლებს.
ამასობაში, მესამე ლიდერი, ბოკუჩავა სახლში წავიდა, სანამ “დიდი” ამბები ხდებოდა, ბავშვებს “სამი გოჭის ამბავი” წაუკითხა, დააძინა და ყველაფერი რომ დასრულდა, გამოვიდა, მედიასთან დადგა და კოლეგა ოპოზიციონერებს დაასხა, თავი იმართლა დამკვეთებთან და თქვა, რომ არც იცოდა, რა უნდა მომხდარიყო… და მისი ბრალი არ იყო, რომ ძლივს, დიდი რუდუნებით შეკოწიწებული ხალხი დაიშალა მარტივ მამრავლებად, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც . აი ზუსტად სამი გოჭის ზღაპარი იყო მთელი ეს ამბავი:
• ერთმა გოჭმა ყველაფერი ფიცრებით ააშენა — იმპროვიზებული სცენა და დეკლარაცია.
• მეორემ ჩალით – უღონო ლიდერობა და მოუწესრიგებელი მოწოდებები.
• მესამემ? მესამემ აგურით ააშენა — მაგრამ იმ აგურში ხალხის იმედი აღარ ჩანდა.
და მერე სპანჯბობი დარბოდა რუსთაველზე, ხალხი ეძებდა ლიდერს და ლიდერები ეძებდნენ ფსიქოლოგიას. სპანჯბობი? სპანჯბობი კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა უმისამართოდ….
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სანამ დააკავებდნენ, ამბობდა, “ეს მხოლოდ დასაწყისია, რევოლუციას ახლა ვიწყებთ და ყველაფერი ფსიქოლოგიააო”, მე კი მახსოვს არისტოტელე, როცა ამბობდა — “მოთხოვნა ქმედების გარეშე, მხოლოდ თეატრია”, ოღონდ ეს თეატრი არც ქორწილს წააგავდა, არც ბერძნულ ტრაგედიას — ბავშვური “ბრავო-შოუ” იყო გაწელილ სცენარში. არადა, საკუთარ აქტივისტებს აგულიანებდნენ, 4 ოქტომბერს დავიწყებთ და 4 ოქტომბერს დავასრულებთო, მაგრამ იმდენი ქნეს, რაღა სხვამ დაგვასრულოს, ჩვენთვითონ დავსრულდებითო… და ჰა, იყო გუშინდელი დღე, როგორც თავად ამბობდნენ სრული კრახის წინ – “ისტორიული”
ბოლოს აქტივისტებს შესცივდათ, როგორც სამი გოჭის ზღაპარშია, მათ ხომ სახლი არ ჰქონდათ, უბრალოდ, არ ააშენეს ქუჩაში “ცეკვდნენ და ერთობოდნენ”. ამიტომ, ვინც აშენა საკუთარი ბიზნესი, იმათ დაუწვეს ინვენტარი გათბნენ და ტელეეთერებშიც შექმნეს ცეცხლოვანი “კარწინკა”.
და მაინც, ვისაც ეგონა, რომ ეს რევოლუცია იყო – გილოცავთ, “სამი გოჭის ამბავი” ალეგორიულად წაკითხული გაქვთ.
და აი, აქ იწყება რეალური ფარსი.
პოლიტიკური ლიდერები ვირტუალურად აყენებდნენ გადაყენებების მოთხოვნას — როგორც პლატონის იდეების სამყაროში: პრემიერ-მინისტრი გადაყენდა იდეაში, პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენდა კონცეფციაში, სუს-ის უფროსი გადაყენდა მიკროფონში და ასე, კომიკურ ჟანრში გაგრძელდა ჯერ გადაყენებების სერია მერე კი დაპატიმრების შესახებ მოკრძალებული მუქარა მსოფლიო ბანისგან…
ოპოზიციური სპექტრი კი გადაიქცა შექსპირის “როგორც გენებოთ” სტილში:
ყველა თავის სცენაზე, ყველა თავის ტყეში, ყველა თავისი ოცნებაში და — შედგა არა “მშვიდობიანი დამხობა”, არამედ მშვიდობიანი, ერთობლივი აურზაური.
ერთი ლიდერი ტირის, მეორე საკუთარ აქტივს ტოვებს — “ახლა ანალიზები უნდა ავიღო და დავბრუნდებიო” — აქ უკვე ვიფიქრე, რომ ეს არა რევოლუცია, არამედ ჯანმრთელობის ფონდი “სოლიდარობის აქცია” იყო.
საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მიტოვებულ რუსთაველზე ლიდერების ნაცვლად სპანჯბობი გამოჩნდა, ხალხი კი გულდაწყვეტილი მიმოიხედავდა და ერთმანეთს ეკითხებოდა: “აბა, ეს იყო რევოლუცია?” “ახლა მე რა ფუნქცია მაქვსო” და ასე უსასრულობაში ჩაკარგული “რევოლუციის აქტი” გაქრა ძილის წინ წაკითხული ზღაპარივით…
არა, ძმაო.
ეს იყო “რევოკუცია” — რევოლუციისა და “კარნავალის” ჰიბრიდი, რომელშიც ხალხს ლიდერები ატყუებდნენ და ლიდერებს კი საკუთარი სარკე.
და, როგორც ჰერაკლიტე იტყოდა:
“ორჯერ ერთსა და იმავე მარცხში ვერ შეხვდები, თუ არ გყავს იგივე ლიდერი.” მაგრამ სადღაც არ ვეთანხმები. ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ შესვლა, სადაც პირველ ჯერზე ვერ გადარჩი და მაშველმა რგოლმაც ვერ გიშველა – გარანტირებული მარცხია. რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები გუშინ “ყოჩს” ეძებდნენ, “ყოჩები” კი ადამიანების ხელით მოპოვებულ ძალაუფლებას.
დღეს რევოლუციის მოწყობის ყველანაირი მცდელობა ფარსია, რადგან, როგორც ჩანს, როგორც უნდა დაუსვა აქციაზე გამოსულ ხალხს კითხვა – რატომ ხარ გაბრაზებული ხელისუფლებაზეო, პასუხი ბუნდოვანია. თან არიან გაბრაზებულები და თან არა! თან უნდათ რევოლუცია და თან არა! თან ხალხის უდიდესი ნაწილი მათთან არ დგას! ეს კი პროცესების რეალური ინდიკატორი ხდება, მაშინ, როცა არც “ყოჩია” და არც რევოლუციის საფუძველი.
ასე, რომ მორალი ასეთია:
ვინც ზღაპარს უსმენდით — კარგად დაიმახსოვრეთ:
• თუ ლიდერი დეკლარაციით იწყებს და ცრემლით ასრულებს – ეს ლიდერი არაა, ეს დრამატული წრეა.
• თუ მეორე ლიდერი ძლიერ მამაკაცებს ეძებს, მაგრამ რკინის კარში ეცემა – ის არც სტრატეგიაა და არც სიმბოლო.
• და თუ მესამე ლიდერი ბავშვებს ზღაპარს უკითხავს და მერე რევოლუციაზე მიდის – ის უბრალოდ მეზღაპრეა…
რევოლუცია კი არ დაწყებულა — დაიწყო და დამთავრდა, როგორც არასრულწლოვანი დრამის ფეისბუქ ლაივი და ზღაპარი, რომლის ავტორი კიდევ შექმნის ახალ ზღაპარს ძილის წინ საკითხავად… ნამდვილ ზღაპარს კი წერენ იქ, სადაც წერენ… ხოდა, ჩვენ ამ ზღაპრებზე ან დაგვეძინება, ან არა!!!”, – წერს ლელა წიკლაური.