თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციებზე 97 ადამიანი დააკავეს.
სტამბოლსა და ანკარაში სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ აქციებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ამასთან, მათივე განცხადებით, სტუდენტებმა რკინის ბარიკადები დაამტვრიეს.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერმა, ოზგურ ოზელმა თქვა, რომ პარასკევს, სტამბოლში, იმამოღლუს მხარდასაჭერად 300 000 ადამიანი შეიკრიბა.
შეგახსენებთ, რომ ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით, 19 მარტს დააკავეს.