პაატა სალია – ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტზე: ეს შეიძლება გარკვეულწილად ჩავთვალოთ აღიარებად იმისა, რომ ის შინაარსი, რაც პროკურატურამ დაინახა ფონდების მოქმედებაში რეალობას შეესაბამება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პაატა სალია ჟურნალისტ, ნანუკა ჟორჟოლიანის “ფეისბუქ” პოსტს გამოეხმაურა.
„ფაქტობრივად, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაადასტურა, როგორც გავიგეთ, მისი განცხადებიდან, მან პირობა დადო, რომ მხოლოდ დაზარალებულებს დაეხმარება ამიერიდან და აღარ გადაიხდის პოლიტიკური მიზნებით თანხებს. შესაბამისად, ეს შეიძლება გარკვეულწილად ჩავთვალოთ აღიარებად, დასტურად იმისა, რომ პროკურატურის ქმედებები და ის შინაარსი, რაც პროკურატურამ დაინახა ამ ფონდების მოქმედებაში რეალობას შეესაბამება და ფონდების ხელმძღვანელის მხრიდან, ფაქტობრივად ამის დადასტურება მოხდა“, – აცხადებს სალია.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მივმართავ გენერალურ პროკურორს გაბიტაშვილს. 11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია. მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს. მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე”.