საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე „ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთ საქმეს (ბესარიონ ხარძიანი) განიხილავენ.”
კომისიის ერთ-ერთი წევრის, პაატა სალიას ინფორმაციით, სხდომას ბესარიონ ხარძიანის შვილი და საქმის ადვოკატი დაესწრება.
ცნობისთვის, ბიზნესმენი – ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.
ხარძიანი თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად, 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი – უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.