ზელენსკი – ევროკავშირის ლიდერებს: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი მიყენებული ზარალის საფასურს არ გადაიხდის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აუცილებლობას მანამ, სანამ ის არ გადაიხდის მის მიერ გაჩაღებული ომით მიყენებული ზარალისთვის.
როგორც „ევროპული სიმართლე“ იუწყება, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთზე სანქციების ზეწოლა უნდა გაგრძელდეს და ამჟამინდელი დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარებისკენ არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეს ზეწოლა უნდა შემსუბუქდეს.
„სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს აგრესიით მიყენებულ ზარალს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ბრძოლა სანქციების თავიდან აცილების სქემებთან და რუსეთის მცდელობებთან, დააფინანსოს თავისი სამხედრო ძალისხმევა“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ მოსკოვი ძალიან ხშირად არღვევს დანაპირებს – „ერთ წამს სიტყვას იძლევიან, რამდენიმე საათის შემდეგ კი არაფერს ნიშნავს“.