პროკურორი – სააკაშვილის საქმეზე: სასამართლომ სამართლიანი განაჩენი დაადგინა

“სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა”,- ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივი შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ. ამის პრაქტიკა არსებობს ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება შთანთქმის პრინციპთან დაკავშირებით, აქვე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში სრულად სასამართლოზეა დამოკიდებული ასეთ შემთხვევაში შეკრებას, ნაწილობრივ შეკრებას თუ სრულად შთანთქმას გამოიყენებს. რაც შეეხება გასაჩივრებას, ბრალდების მხარე არ აპირებს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელია   გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ამასთან, თავად მიხეილ სააკაშვილი. სხვა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 4-ივე – გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ბრალს აღიარებს“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები