თორნიკე შარაშენიძე: ბოლო დროს პუტინი ტრამპს ძალიან დადებითად ახსენებს
“ბოლო დროს პუტინი ტრამპს ძალიან დადებითად ახსენებს. ე.ი. ძალიან კარგად ესმის, რომ ტრამპის ხელში უნდა დაამთავროს ომი. ტრამპის ხელში რუსეთმა შეიძლება მიიღოს საკმაოდ ბევრი, რადგან ტრამპი აშკარად არ განიხილავს რუსეთს დიდ საფრთხედ, არც ამერიკისთვის და არც მთლიანად დასავლეთისთვის”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისი შეფასებით, პუტინს ძლიერი კარტები უჭირავს.
“ფაქტია, ბრძოლის ველზე პუტინს უპირატესობა აქვს და ეს მის სასარგებლოდ მუშაობს. პუტინს ძლიერი კარტები უჭირავს – დაინახა, რომ ომი გამოფიტვაზეა და უპირატესობა აქვს. ეკონომისტებმა იციან, რა შეიძლება მოიფიქროს ამერიკამ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რაიმე დამანგრეველი სანქცია მოიგონონ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ არაფრით დათანხმდება იმას, რომ იქ ნატოს ძალები განლაგდნენ. რუსები პრინციპულად ითხოვენ, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე მთლიანად მიითვისონ. ახლა მათ მთლიანად ვერ აკონტროლებენ, მაგრამ მითვისება სურთ. მძიმე პროცესი იქნება, ალბათ, რამდენიმე თვე კიდევ გაიწელება.
ტრამპი რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯს ელოდება. მან თხოვნით მიმართა პუტინს, რომ არ გაანადგუროს ალყაში მოქცეული უკრაინელები. იმედია, პუტინი დათანხმდება და შესაძლოა სანქციებზე შეზღუდვების მოხსნა იყოს შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ საკითხავია, რუსეთს მართლაც აზიანებს და ეშინია იმ სანქციების, რომელზეც ახლაა საუბარი? შესაძლოა არც არაფერს ნიშნავს და მზად არის აიტანოს, მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგალითად, დონეცკის ოლქში, სადაც ბოლო დროს წინსვლა აქვს. წინსვლა არა აქვს ხერსონში, ზაპოროჟიეში, მაგრამ აქვს დონეცკში და შეიძლება ურჩევნია ტერიტორიები წაიღოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში? მეოთხე წელია გვეუბნებიან, ჩამოინგრევაო, მაგრამ არ ჩამონგრეულა… რაც შეეხება იმას, რომ რუსების მიერ კურსკის აღება დაემთხვა ამერიკის მიერ რამდენიმე დღით უკრაინისთვის სატელიტური უზრუნველყოფის გათიშვას და იმის ვარაუდი, რომ ეს გათიშვა შეთანხმებული იყო, რათა კურსკი აღარ ყოფილიყო გაჭედილი მოლაპარაკებაში – ამაში ლოგიკა ნამდვილად არის და როგორც ჩანს, ამისთვის გამოიყენეს ის სცენა, რაც გათამაშდა თეთრ სახლში.
ბოლო დროს პუტინი ტრამპს ძალიან დადებითად ახსენებს. ესე იგი, ძალიან კარგად ესმის, რომ ტრამპის ხელში უნდა დაამთავროს ომი. ტრამპის ხელში რუსეთმა შეიძლება მიიღოს საკმაოდ ბევრი, რადგან ტრამპი აშკარად არ განიხილავს რუსეთს დიდ საფრთხედ არც ამერიკისთვის და არც მთლიანად დასავლეთისთვის. აბსოლუტურად მესმის მათი, ვინც უკრაინის ხელისუფლებაშია, ომის მოგების იმედი ჰქონდათ . თავიდან, 2022-ში მართლაც ბევრს მიაღწიეს, მაგრამ 2023 წლის ზაფხულზე, როდესაც დიდი კონტრშეტევა ჩაუვარდათ და ომი საბოლოოდ გადაიზარდა გამოფიტვის ომში, ეს ყველაფერი გასაგები გახდა. ამის მერე კი ასე მარტივი არ არის, თქვა, ვწყვეტ ომს და ის ტერიტორიები, რაც რუსეთმა წაიღო, დავუტოვოო. წინასწარ ვინ იცოდა რა მოხდებოდა, მით უმეტეს, როდესაც კიევმა მოიგერია რუსები და უკრაინის სამ დღეში დაკავება და უკრაინის ხელისუფლების დამხობა ჩაუვარდათ.
მეორე კრიტიკული მომენტი იყო პრიგოჟინის გალაშქრება მოსკოვზე და ეს რომ გადალახეს, ყველაფერი გასაგები გახდა. პრინციპში, პუტინის ხელში რუსეთის მთავრობამ ძალიან რთული ამოცანა გადაჭრა, ლამის დანგრევის პირას იყო სახელისუფლებო ვერტიკალი იმ შოკის ფონზე, რაც კიევში მიიღეს. ეს გადაიტანეს და ისიც მოახერხეს, რომ ომი, რომელიც თავიდან ბლიცკრიგად ჰქონდათ ჩაფიქრებული, გადაიყვანეს გამოფიტვის ომში და შესაბამისად, მთელი ქვეყნის ეკონომიკაც და შეიარაღებული ძალებიც საამისოდ გადააწყვეს. უკრაინას ომის მოგების შანსი ჰქონდა 2022-ში და ის დაიკარგა 2023-ში, როდესაც კონტრშეტევა ჩავარდა. საერთოდ, ზელენსკი ხშირად ხელმძღვანელობს წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ომის მოსაგებად საკმარისი არ არის. ამიტომაც იყო, რომ ერთხელ ალყაში იმიტომ მოექცა უკრაინული შენაერთი, იმიტომ, რომ უკან დახევაზე ბრძანება არ გასცა. პრინციპში, კურსკთანაც იგივე მოხდა, აქაც როგორც ჩანს, იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. არის ერთი გენიალური ქართული ანდაზა – “სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო”. ვიდრე ევროკავშირის ბიუროკრატია რამეს გადაწყვეტს, მერე ფულს გამოყოფს და ამის მერე ამ ფულის ათვისებას დაიწყებენ და ამით შექმნიან შეიარაღებულ ძალებს – მინიმუმ 5-წლიანი პერსპექტივაა. ვიდრე ევროკავშირი ამას გააკეთებს, პავლემ რა უნდა ქნას, რამდენ ხანს იომოს? ევროკავშირის მასშტაბით მსგავსი შეთანხმება არ შედგება, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა არ გრძნობს საფრთხეს რუსეთისგან. მხოლოდ პოლონეთი გრძნობს და ამიტომაც აცხადებს ახლა საყოველთაო გაწვევას. გერმანიაში კი კეთდება ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია და ლოგიკური შეკითხვაა, ფული საიდან უნდა მოიტანოს, რას უნდა მოაკლოს, ჯანდაცვას თუ პენსიებს? იბადება კითხვა, – გერმანიის მოსახლეობას მართლა სჯერა, რომ რუსული ტანკები ჯერ ბალტიისპირეთს გაივლიან, მერე პოლონეთს და შეცვივდებიან გერმანიაში?
რაც შეგვეხება ჩვენ, 2008 წლის შემდეგ აქ რუსული ბაზა რომ გვიდგას, ამით ხომ ძალიან ბევრი რაღაცაა ნათქვამი? რუსეთი ამის გამო მშვიდად არის, ფიქრობს, ჩემი ბაზა პირდაპირ თბილისზეა დამიზნებულიო… გასაგებია, რომ საქართველოში ყველაფერზე რეაქცია გვაქვს, სირიაში რომ ომი დაიწყო, შეგვეშინდა, ვაიმე ჩვენ არ გაგვცვალონო, ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანა ამერიკამ და ავტეხეთ პანიკა, ვაიმე, ჩვენთან რა იქნებაო. სულ შფოთვაა იმაზე, რომ ვინმეში ჩვენ არ გაგვცვალონ. ცხადია, ეს ომი ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ არა მგონია, მთელ რეგიონს შეეხოს, რომ დაიწყოს გავლენის სფეროების გადანაწილება. რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს? ვფიქრობ, აქ ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდება, როგორიც არის. საქართველო, ასე თუ ისე, მაინც დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ აქ რუსები დგანან სამხედრო ბაზით და ამით საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დაბლოკილია. რუსეთისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც არ ადარდებთ საქართველოს საკითხი”, – განაცხადა შარაშენიძემ.