ბორჯომის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ტაძრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი ტაძრისის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიოლეტა ბალახაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მათ სოფელ ტაძრისში, საკირეში და დგვარში მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო,“- წერია ინფორმაციაში.