პროკურორი – კესარია აბრამიძის საქმეზე: სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს

“სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა განუსაზღვროს”, – ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური იქნება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რომელშიც ყველა ის მტკიცებულება მიმოვიხილეთ, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა. მათ შორის, ვისაუბრეთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზეც. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, მასში არსებული მიმოწერების, ვიდეო, აუდიოჩანაწერები, რა თქმა უნდა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით, როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე ამავე ნიშნების საფუძველზე სისტემატური ცემის ნაწილში. დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება არამხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, არამედ გამამტყუნებელი განაჩენი სამართლიანი უნდა იყოს და სასამართლოს წინაშე დავაფიქსირეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ბრალდებულს უნდა განუსაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები