დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპი ცდილობს „დიფ სთეითის” გლობალური ამოცანის „ჩაილურის წყლებში” ჩაძირვას, რადგანაც მის უკან რეალური და არა „ვირტუალური” მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივები იმალება

„ტრამპს არ სურს ომი − მას სურს მშვიდობა. გამორიცხულია, „დიფ სთეითმა” ამას მშვიდად უყუროს,” – წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და იმ მიზნებსა და ამოცანებზე აკეთებს აქცენტებს, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დაისახა და რის შესრულებასაც დონალდ ტრამპი გლობალური მშვიდობის დასამყარებლად აპირებს. თუმცა, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „დიფ სთეითი” ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ ტრამპის ჩანაფიქრი არ ასრულდეს.

„ვერ მოკლეს დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ. ვერ ჩასვეს ციხეში. ვერ გააყალბეს არჩევნები. შედეგად, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა შეიძლება წყალში ჩაუყაროს უკანასკნელი 25 წლის (მინიმუმ) „დიფ სთეითის” მთავარი სტრატეგიული მიზანი − რუსეთის „დამარცხება”, მისი ფრაგმენტებად დაყოფა, „პუტინიზმის” კონტროლირებადი ხელისუფლებით ჩანაცვლება, ქვეყნის წიაღისეულის დაუფლება და ა.შ. რა „უკრაინა” − რის „ატამი”. დღეს დონალდ ტრამპი ცდილობს „დიფ სთეითის” ამ გლობალური ამოცანის „ჩაილურის წყლებში” ჩაძირვას, რადგანაც მის უკან რეალური და არა „ვირტუალური” მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივები იმალება. ტრამპს კი არ სურს ომი − მას სურს მშვიდობა. გამორიცხულია, „დიფ სთეითმა” ამას მშვიდად უყუროს.

რისკის წინაშე დგება ყველაფერი: რუსეთის გარშემო „დემოკრატიის სარტყლის” აგება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბუქარესტის „NATO-ს სატყუარა”, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის „ტესტ-დრაივი”, 2014 წლის კიევის „მაიდანი”, USAID/NED-ის ნაღმები რუსეთის (და არა მარტო) გარშემო და მრავალი-მრავალი სხვა ტაქტიკური სვლა ამ მთავარი მიზნის მისაღწევად. ვერც „გოუ-გოუ-ჟენიას” (პრიგოჟინის) ოპერაციამ, ვერც გაუჩინარებული 350 მილიარდის დახმარებამ, ვერც 14 ათასმა გამოცხადებულმა საერთაშორისო სანქციებმა ვერ გამოიღეს შედეგი. ახლა კი მთლიანად ოპერაციის გაგრძელება დგება საფრთხის წინაშე. „უკრაინის ომი” ჩვენ თვალწინ გადადის თავის ყველაზე საინტერესო ფაზაში. „მეორე ფრონტი” გაიხსნა არა თბილისში, არამედ ვაშინგტონში და ტრამპის მიერ „დიფ სთეითისთვის” გამოცხადებული ომი დღეს რუსეთ-ამერიკის სამშვიდობო პოლიტიკის გზას დაადგა.

ამიტომაც, „დიფ სთეითი” დღეს იძულებულია „ვა-ბანკზე” წავიდეს. ზელენსკის სპონსორობის ინიციატივა ახლა დიდი ბრიტანეთის ხელშია. გასულ კვირას ზელენსკისთან სტარმერის მოლაპარაკების ერთ-ერთი შედეგი იყო შეთანხმება, უკრაინას დახმარებოდნენ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხით, ოღონდ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მომავალი შემოსავლის ხარჯზე. ეს თანხები არის G7-ის Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (საგანგებო შემოსავლების დაჩქარების მექანიზმი უკრაინისთვის) ნაწილი, რაც თეორიულად შურისძიების სურვილით „შეპყრობილ” ტრამპს აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკოს როგორც ეს კონკრეტული ლონდონური სესხი, ასევე მთელი პროგრამა. კრემლს კი, თავისუფლად შეუძლია უპასუხოს ლონდონის ამ თავდასხმას მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის „პერსონა ნონ-გრატად” გამოცხადებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაისმა გაფრთხილებები კიევის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, ასე რომ, ახლა ჩნდება შესანიშნავი შესაძლებლობა, ამ კუთხით რუსეთი გადავიდეს სიტყვიერი მუქარიდან კონკრეტულ ქმედებებზე.

ტრამპის გუნდმა კი, ყოველივე ამის პარალელურად დაიწყო ზელენსკის გადადგომის კამპანია მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში 28 თებერვლის დადგმული შოუსთვის ზელენსკისგან ბოდიში არ მიუღია, არ მიუღია ეს ბოდიში არც „შენდობის კვირას”, რომელმაც წელს ყველა ქრისტიანული კონფესიის მიმდევარი გააერთიანა. ტრამპის გუნდმა, ლონდონში ზელენსკის მხარდამჭერი სამიტის დაწყების პარალელურად, დაიწყო მედიის მეშვეობით მისი გადადგომისკენ მიმართული კამპანია. „ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც შეძლებს ჩვენთანაც საქმის დაჭერას, გარკვეულ მომენტში რუსებთან გამკლავებასაც და თუ ცხადი გახდება, რომ ზელენსკის პირადი, თუ პოლიტიკური მოტივები ხელს არ უწყობენ მის ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულებას, მაშინ ვფიქრობ, ჩვენ რეალური პრობლემა გვექნება”, − განაცხადა ვალცმა, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში.

გაცილებით მკაცრად განეწყო ზელენსკის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესი: „რაღაც უნდა შეიცვალოს. ან გონს უნდა მოვიდეს და მოლაპარაკების მაგიდას მადლიერებით დაუბრუნდეს, ან ქვეყანა ამ პროცესამდე სხვამ უნდა მიიყვანოს”, − განაცხადა NBC-სთან ინტერვიუში პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე დაუფარავად ისაუბრა კიევში არსებული ხელისუფლების თეთრი სახლისთვის უფრო ხელსაყრელ ვარიანტად შეცვლის აუცილებლობაზე. თუმცა, ჯერჯერობით ყველა ეს განცხადება არ არის გამყარებული რაიმე თვალსაჩინო რესურსით, ანუ ტრამპის გუნდის უნარით, რეალურად შეცვალოს ხელისუფლება კიევში. თეთრ სახლში 28 თებერვლის „შოუმ” აჩვენა, რომ ტრამპს ამჟამად არ აქვს ზელენსკის კონტროლის ბერკეტები, რომელსაც დღემდე რეალურად მართავენ ლონდონი და აშშ-ის დემოკრატიული პარტია. ამიტომ, თუ ტრამპის გუნდი ზელენსკის შეცვლას შეეცდება, ისევ და ისევ ლონდონიდან გაიგზავნება ვალერი ზალუჟნი და თეთრ სახლში ნაცნობი შოუ კვლავ განმეორდება, მხოლოდ უკვე სხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ამიტომ, ამ მომენტისთვის, ტრამპის გუნდის ყველა საუბარი ზელენსკის გადადგომაზე უნდა განიხილებოდეს, მხოლოდ როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტი ლონდონში „ანტიტრამპისტული” სამიტისთვის, რათა მათ თავიანთ გეგმებში მაქსიმალურად არ შეუშალონ ხელი ტრამპს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის განმავლობაში. ლონდონში გამართული ამ „ანტიტრამპისტული სამიტის” პირველი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი შედეგია ის, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე რეგულარული იქნება, დიდი ალბათობით ისინი ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან.

„ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს მისაღები ზომები, გადაწყვეტილებები და მისცეს თავიანთ ტექნიკურ გუნდებს უფლება დაეწყოთ მუშაობა არსებული პრობლემის გადასაჭრელად. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გვესმის, ისინი გაცილებით შემჭიდროებული ინტერვალით წარიმართება. ანუ, ჩატარდება არა ყოველ ექვს თვეში და არა ორ თვეში ერთხელ, არამედ, შესაძლოა, ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ. შეერთებული შტატების პოლიტიკამ ბოლო კვირებში გააჩინა ბევრი შეკითხვა ევროპელ ლიდერებში, განსაკუთრებით უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს აქ ღიად განიხილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ დისკუსიებს. ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაზე, ექნება თუ არა ევროპას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ამ კონტექსტში”, − განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანიმ.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებიდან ჩანს, ლონდონი და მის ქვეშ მყოფი ზელენსკის მხარდამჭერთა კოალიცია შეეცდება ჩამოაყალიბოს ტრამპის ალტერნატიული „მედია-სურათი” რუსეთთან უკრაინის კრიზისის მოგვარების მოლაპარაკებების შესახებ. ეს იმიტომ ხდება, რათა ტრამპის ოპონენტები დარწმუნდნენ, რომ თეთრ სახლში განვითარებულ სკანდალამდე, პუტინთან მოლაპარაკების თემაზე გლობალურ საინფორმაციო სფეროში ტრამპი ფსონს ჩამოდიოდა საკუთარ ერთპიროვნულ დომინირებაზე. ამჟამად კი, ამ თემაზე საინფორმაციო სფეროშიც კი დომინირებაზე თავისი პრეტენზია უკვე ლონდონმა და მის მიერ კონტროლირებადმა ქვეყნებმა განაცხადეს. წინ გველის „დიფ სთეითთან” ხანგრძლივი და მრავალმხრივი ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს კვლავ რუსეთის უპირობო დამარცხება, ხოლო მეორე მხარეს − დედამიწისთვის მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდებაა. და ნურავის ნუ ეპატარავება ამ პაექრობაში იმ დანარჩენი მსოფლიოს პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით თმენის ვალდებულებით აკვირდება ამ „ანგლო-საქსონურ სამეფო კარის თამაშებს”.

მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს ვალდებულება განუსაზღვრელია?…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები