ვახტანგ ცინცაძე: 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
2024 წელს 9.5%-იანი ეკონომიკური მაჩვენებელი დიდწილად კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა. 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბიზნეს სექტორის მაჩვენებლებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კერძო სექტორში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები მთელი გასული წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა. კერძოდ, რეკორდულია როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვების და დასაქმების მაჩვენებლები. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 10%-ით, გამოშვება კი დაახლოებით 11%-ით და 23.5 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 30 ათასით გაიზარდა, დასაქმებულთა ოდენობამ კი 811 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ვახტანგ ცინცაძის თქმით, ის 170 ლარზე მეტად გაიზარდა და 2367 ლარი შეადგინა.
„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე არის მიმართული და ზოგადად ხელს უწყობს ქვეყანაში ადგილობრივ წარმოების განვითარებას, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასთან ერთად ორიენტირებულია საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.