კურორტ „გოდერძის“ ინფლუენსერები სტუმრობდნენ

„კურორტ „გოდერძის“ ესპანელი, იტალიელი, ებრაელი ინფლუენსერები და გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები სტუმრობდნენ,“- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ისინი კურორტზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებს გაეცნენ და თავადვე გამოცადეს კურორტზე არსებული სათხილამურო ტრასები. განსაკუთრებით საინტერესოა, გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები ესპანეთიდან და იტალიიდან, რომლებიც გამომწერებს ალპურ ზონასა და გოდერძის ტყეებში თავისუფალი სტილით სრიალის ულამაზეს კადრებს უზიარებენ. ინფლუენსერებმა ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნეს და მონაწილეობა მიიღეს მათი მომზადების მასტერკლასებში. ისინი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ წელს პირველად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ესტუმრნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ კურორტის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.

„კურორტი „გოდერძი“ განაგრძობს განვითარებას. ის განსაკუთრებით პოპულარულია თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის, რადგანაც კურორტი იძლევა საშუალებას როგორც ალპურ რელიეფზე, ისე ტყის მასივში, ძალიან საინტერესო მარშრუტებზე ისრიალონ ვიზიტორებმა. აღსანიშნავია, რომ კურორტის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთან სტუმრად მყოფი ინფლუენსერები აქტიურად უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს მილიონობით გამომწერს“ – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

იტალიელი მოთხილამურე და კონტენტკრეატორი ნიკოლა პესეტო ამბობს, რომ გარემოთი აღფრთოვანებულები არიან.

„უხვი თოვლის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, თუმცა მოლოდინებს გადააჭარბა თოვლის რაოდენობამ. აღფრთოვანებული ვართ თოვლის ხარისხითა და გარემოთი, შესაძლებლობა გვქონდა გაუკვალავ თოვლში გვესრიალა და გვიხარია, რომ დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი და ფაფუკი (powder) თოვლი იქნება, რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს სრიალისთვის. გარდა სრიალისა, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს დავაგემოვნოთ ქართული კერძები, რაც განსაკუთრებულად განსხვავებული და მიმზიდველია,“ – ამბობს იტალიელი მოთხილამურე და კონტენტკრეატორი ნიკოლა პესეტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები