მაკრონი: აშშ-ის უარი უკრაინის მხარდაჭერაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე აშშ-ს უარს კატასტროფული შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. მისი თქმით, თუ პუტინი ახლა არ შეჩერდება, ის ომს ევროპის სხვა ქვეყნებში გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ მაკრონი ფრანგულ გამოცემა La Tribune-ს ესაუბრა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დისტანცირება სიტუაციიდან, რადგან მისი სტრატეგიული როლი გლობალურ უსაფრთხოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი დათანხმდება „ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე“, ეს მხოლოდ შეასუსტებს აშშ-ს პოზიციას და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის გავლენას რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა გლობალურ მოთამაშეებთან დაპირისპირებაში.
„აშშ-ს აშკარა ამოცანაა უკრაინელების მხარეზე ყოფნა, ამაში ეჭვი არ მეპარება. უკრაინისგან გამოყოფა არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში გააკეთა, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციას. მინდა, ამერიკელებმა გაიგონ, რომ უკრაინის ჩამოშორება მათ ინტერესებში არ შედის. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპი უფრო დაინტერესებულია ვლადიმირ პუტინთან მშვიდობის დამყარებით, ვიდრე ტრადიციული ამერიკული ღირებულებების დაცვით“, აცხადებს მაკრონი.
მაკრონის თქმით, ეს შეცდომაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. მაგრამ არ შეიძლება იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, თუ უკრაინას ბედის ანაბარა მიატოვებენ“, – აღნიშნავს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ევროპას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, ისე როგორც არასდროს.
„ჩვენს საზღვრებთან გვაქვს შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი. ის უკვე ახორციელებს ტერორისტულ თავდასხმებს და მასიურ დეზინფორმაციულ კამპანიებს ევროპაში”, – ხაზს უსვამს საფრანგეთის ლიდერი.
მისი თქმით, პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება. მაკრონი დარწმუნებულია, რომ თუ კრემლის ლიდერი ახლა არ შეჩერდება, „ის უდავოდ გადავა მოლდოვაში და შესაძლოა რუმინეთში“.