ჩოხატაურის მერი: შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე განაწილებულია, დაახლოებით, ორი ათას ოჯახზე – ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები, ასევე საკვები და შესაბამისი წამლები
აქტიურ რეჟიმში გრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.
მისივე თქმით, შესულია ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე განაწილებულია დაახლოებით ორი ათას ოჯახზე.
„გვაქვს ერთი სოფელი, სურები, სადაც ამ ეტაპისთვის შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგანაც მაღალმთიანი სოფელია და თოვლის საფარი დაახლოებით სამ მეტრს აღწევს. პაციენტს, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო წესით კლინიკაში გადაყვანა, გამოძახებულია ვერტმფრენი და სულ მალე იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში.
შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე განაწილებულია დაახლოებით ორი ათას ოჯახზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები. ასევე, საკვები და შესაბამისი წამლები. სურების მიმართულებით უკვე ძალიან მალე დავიწყებთ ცენტრალური გზის გაწმენდით სამუშაოებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩოხატაურში ყველა მიმართულებით ცენტრალურ გზაზე ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნა დავით შარაშიძემ.