“დომინუსის” დირექტორს და ამავე კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

   შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში სამშენებლო კომპანია “დომინუსის” დირექტორ გელა გურულს და ამავე კომპანიის წარმომადგენელ გია პირველაშვილს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ზესტაფონში საფეხბურთო ბაზის მშენებლობისას თანხის მითვისებას ეხება. საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სასამართლო უახლოეს საათებში გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
დაკავებული ბიზნესმენების: გელა გურულისა და გია პირველაშვილის ადვოკატების განცხადებით, საქმე სამოქალაქო დავას ეხება და ისინი გამოძიებას მოუწოდებენ საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჩამოაშორონ და სამოქალაქო დავის ფორმატში განიხილონ. ასევე ადვოკატებმა ის დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს წინა წლებში ანალოგიური დავები სხვა კომპანიებთანაც ჰქონდა. ადვოკატები საგამოძიებო სამსახურებს მიმართავენ და საქმის ობიექტურად წარმართვას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ დირექტორი და წარმომადგენელი გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები