სუდანის არმიის თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა – დაიღუპა 46 ადამიანი
სუდანის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ხარტუმის გარეუბანში, საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რასაც 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,- ინფორმაცია ადგილობრივმა მთავრობამ გაავრცელა.
თვითმფრინავი აფრენის შემდეგ საცხოვრებელ სახლს დაეცა. როგორც ცნობილია, დაიღუპნენ არა მარტო საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი ადამიანები, არამედ სახლის მობინადრეებიც.
ჩრდილოეთ ომდურმანის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ასევე გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა მიმდებარე რამდენიმე უბანში.
“დაშავებულები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მეხანძრე-მაშველებმა ავარიის ადგილზე ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.