შალვა პაპუაშვილი – მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი
„მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით. გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად, საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება ამერიკულ „ფარას“ ვარიანტზე, შეუძლია, აშშ-ის საელჩოს მიმართოს.
„დავაინიციირეთ ამერიკული „ფარა“. მასში განზრახ არის დატოვებული ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რათა სპეკულაციისთვის შესაძლებლობა არ დაგვეტოვებინა. ყველა ტერმინი არის იდენტური. მგონი, ყველამ აღიარა, რომ ეს არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვისაც არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით და იციან, სად არის საელჩო. გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ. ვსაუბრობ ბულინგზე, ზიზღის ენაზე და მუქარაზე, რომელიც მოედინება ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ეს ვნახეთ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე. ეს არის ამერიკულთან იდენტური ვერსია და რამე თუ აქვთ საკრიტიკო, უნდა აკრიტიკონ ამერიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.