პოლონეთი უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
პოლონეთი უკრაინისთვის რიგით 46-ე დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იქნება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„ამჟამად ვამზადებთ უკრაინის 46-ე დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იქნება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას მთელი ომის განმავლობაში შემოწირა. ეს არის 46-ე წვლილი და ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, მინდა ხაზი გავუსვა ამას“, – აღნიშნა მან სენატში კონფერენციის გახსნაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას.
„ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაწვრთნილი 80-90000 ჯარისკაციდან პოლონეთმა გაწვრთნა დაახლოებით მესამედი – 28000. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ წვრთნა ჩვენს ტერიტორიაზე. ამ სფეროში ლიდერები ვართ“, – დასძინა მან.
ამასთან, კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ პოლონეთი, როგორც ქვეყანა, ლიდერი იყო დახმარების საკითხში, როდესაც საქმე სამხედრო მხარდაჭერას ეხებოდა.