ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება.
ირანში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან რეგიონალური და ორმხრივი საკითხები განიხილა.
ლავროვის თქმით, დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური ზომები ჯერ კიდევ მაგიდაზეა, როდესაც საქმე ეხება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხების გადაწყვეტას.
“ირანის პოზიცია ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ნათელია. ირანი არ დაემორჩილება ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ზეწოლას და სანქციებს”,- თქვა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, ლავროვის ირანში ჩასვლის წინა დღეს, აშშ-მა ირანის ნავთობის ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ღიად აცხადებდა, რომ ირანის მიმართ “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკა ხელახლა აღდგებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ირანი რეგიონის დესტაბილიზაციაში მთავარი პასუხისმგებელია და მას არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი.