„Catch Me If You Can“ — ნამდვილი ამბავი ცნობილი ფილმის უკან

ჰოლივუდს რეალური მოვლენების ფილმებში ადაპტაციის დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ბევრი არ არის ისეთივე ამაღელვებელი, როგორც ფრენკ აბიგნეილის ამბავი. მისი ცხოვრება საფუძვლად დაედო სტივენ სპილბერგის ცნობილ ფილმს — Catch Me If You Can — რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰენქსი ასრულებენ.

ფრენკ აბიგნეილ უმცროსი 1948 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მის ბავშვობას ცუდი არ ეთქმოდა. მოზარდობისას, მშობლების განქორწინების შემდეგ ფრენკი თაღლითობა დაიწყო. მისი პირველი მსხვერპლი საკუთარი მამა გახდა, რომლის საკრედიტო ბარათსაც ბიჭი თაღლითურად იყენებდა საკუთარი სურვილების დასაფინანსებლად.

16 წლის ასაკში ფრენკი უკვე დაეუფლა ჩეკებით თაღლითობის ხელოვნებას. ის ცვლიდა და აყალბებდა ჩეკებს, რითაც, საბოლოოდ, ასობით ათასი დოლარი დააგროვა. მან მალევე გააცნობიერა, რომ სხვადასხვა იდენტობასა და პროფესიაში თავის შეფარებით, შეეძლო, მისი საქციელი გაუმჟღავნებლად გაეგრძელებინა.

ფრენკ აბიგნეილი

აბიგნეილის კრიმინალური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ასპექტი გახლდათ მისივე უნარი, მიმსგავსებოდა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს ისე, რომ საქმეში არავითარი კვალიფიკაცია არ ჰქონოდა. მან წარმატებით მოირგო ავიაკომპანია Pan Am-ის პილოტის როლი  და ყალბი მოწმობის გამოყენებით, 1 000 000 მილზე მეტი უფასოდ იმგზავრა. შემდეგ ექიმად „გადაკვალიფიცირდა“ და თითქმის, ერთი წლის განმავლობაში კურირებდა სამედიცინო სტაჟიორებს ისე, რომ ვერავინ გამოიჭირა. გარდა ამისა, თავი ადვოკატადაც გაასაღა და მცირე ხნით კოლეჯის პროფესორადაც მუშაობდა.

აბიგნეილის დანაშაულები სამუდამოდ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აგენტ ჯოზეფ შის ხელმძღვანელობით, FBI შეუსვენებლად დასდევდა მას. რამდენიმეწლიანი გაქცევის შემდეგ ფრენკი საბოლოოდ დააპატიმრეს საფრანგეთში 1969 წელს. მას მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ადრე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ის დაეხმარებოდა FBI-ს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გათავისუფლების შემდეგ ფრენკმა თავისი ცხოვრება შეცვალა. მან დაიწყო მუშაობა FBI-სთან და გამოიყენა თავისი გამოცდილება თაღლითების დასაჭერად. მან, ასევე, დააარსა საკონსულტაციო კომპანია ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ — Abagnale & Associates. აბიგნეილი დამნაშავიდან უსაფრთხოების კონსულტანტად იქცა, რომელიც პოპულარულად სარგებლობდა როგორც სამართალდამცავებში, ისე — საზოგადოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები