აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეიძლება გაიმართოს.
მისი თქმით, ზელენსკი შესაძლოა, ვაშინგტონში ჩავიდეს და შეერთებულ შტატებთან უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.
მანვე დასძინა, რომ ჯერ ზუსტად არ იცის, როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა მანამდე თქვა, რომ მათი შეხვედრა შესაძლოა საუდის არაბეთში შედგეს.
„არ ვიცი, როდის ვილაპარაკებთ. რაღაც მომენტში მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს“, – აღნიშნა ტრამპმა.