ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები შეაჩერა

ევროსაბჭომ გადაწყვიტა, შეაჩეროს რიგი შემაკავებელი ზომები სირიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილება არის ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილი, მხარი დაუჭიროს სირიაში ინკლუზიურ პოლიტიკურ ტრანზიციას და მის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, რეკონსტრუქციას და სტაბილიზაციას,- ამის შესახებ ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცებული ნაბიჯი მოიცავს სანქციების შეჩერებას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე, ასევე ხუთ ბანკში გადარიცხვების დაშვებას და სირიის ცენტრალური ბანკისთვის სახსრების ხელმისაწვდომობას.

„ევროკავშირი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სირიასთან, მის ხალხთან და ბიზნესთან თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ძირითად სფეროებში, ასევე ხელი შეუწყოს ფინანსურ და საბანკო ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ სექტორებთან და ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციისთვის საჭირო სექტორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზომები შეიძლება ხელახლა დაწესდეს, თუ სირიის ახალი ლიდერები დაარღვევენ უმცირესობების უფლებების პატივისცემის და დემოკრატიისკენ სწრაფვის დაპირებებს.

“ევროკავშირის შემზღუდავი ზომები იქნა გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია სირიის სამოქალაქო მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე. ალ-ასადის რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის იმედის ახალი ეპოქის დასაწყისია. ყველა სირიელს, ქვეყანაში და დიასპორაში, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში. ევროკავშირი დგას სირიელი ხალხის გვერდით გარდამავალ მომენტში”,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გაერო-მ განაცხადა, რომ ზრდის ამჟამინდელი ტემპებით, სირიას 50 წელზე მეტი დასჭირდება, რათა დაუბრუნდეს თავის ეკონომიკურ დონეს, მისი დამანგრეველი სამოქალაქო ომის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები