მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო: საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა

“ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი ინტერესია, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არსებობდეს.

„განსაკუთრებული სითბოთი მინდა ვისაუბრო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე. საუკუნეებია ერთად მოვდივართ, სამაგალითოა ასეთი კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა. ეს ყველაფერი არაერთ საკითხში გამოიხატება. დღეს ჩვენი ურთიერთობები ძალიან მჭიდროა, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული მიმართულებით. თითქმის ერთად გამოვცადეთ 20-იან წლებში დამოუკიდებლობის დაკარგვა და შემდეგ აღდგენაც, თითქმის ერთობლივად მოხდა, ერთნაირი იყო კონფლიქტური სიტუაციებიც და ერთად დავიწყეთ ფეხზე დადგომა, განვითარება. თითქმის თვე არ გავა, არ იყოს მთავრობებს შორის ურთიერთობები, ან ჩვენი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი, გაცვლა-გამოცვლა. საკმაოდ ბევრი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში, ის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. საქართველოს დიდი ინტერესია, რომ რეგიონში არსებობდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეკონომიკური და ურთიერთსასარგებლო საკითხები გვაღელვებს, დიდი შესაძლებლობები არსებობს, რომ რეგიონში მეტი განვითარება ჰპოვოს შუა დერეფნის თემამ, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის არის ცნობილი.

ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ის სამაგალითოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. აღარ ვსაუბრობ, რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში და მათი დიდი წვლილიც არის, რომ საქართველო დღეს განვითარების ასეთ ეტაპზეა. მე პირადად აზერბაიჯანელებთან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვარ გაზრდილი, ბევრი მეგობარი მყავს, ერთად მოვდივართ, როგორც ქვეყნები და რაც მთავარია, კავკასიელები ვართ, ვიცავთ ღირებულებებს, მეგობრობას, ოჯახის სიწმინდეს და გვაქვს დამოკიდებულებები, რომელიც შეგვიძლია, სხვას გავუზიაროთ. მაგალითად, ევროპაზე გვქონდა საუბარი და სწორედ ჩვენი მეგობრობა მაგალითი შეიძლება გახდეს სხვებისთვის და რეგიონი იყოს მიმზიდველი, რადგან ამ ძლიერ ქვეყნებში ასეთი ძლიერი ხალხი ცხოვრობს.

ჩვენი ყველას ინტერესია სამშვიდობო პოლიტიკა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და რეგიონი გავხადოთ ყველაზე მიმზიდველი. ჩემი ამბიციაა და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელების ამბიციაც იქნება, რომ რაც ეკუთვნის კავკასიას, ამ მშვენიერ, ძველ ქვეყნებს, იმის შესაბამისი იყოს განვითარებაც. ამის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი ურთიერთობები გრძელდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები