მიხეილ ყაველაშვილი: მისასალმებელია, რომ ურთიერთობა დავამყაროთ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, რაც სასარგებლო იქნება მთელი რეგიონის განვითარებისთვის

“მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან.

„საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები