მედიის ცნობით, 24 თებერვალს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს გამოაცხადებს
24 თებერვალს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის დიდ პაკეტს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი პირველ რიგში მოიცავს საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას.
მათივე თქმით, აღნიშნული პაკეტის დეტალები და მისი ღირებულება 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და შემდგომ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე სამუშაო ჯგუფებში დაზუსტდება.
„არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უნგრეთმა უარი განაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროექტზე. ასევე შეიძლება სლოვაკეთიც მოიქცეს, თუმცა ბოლო დროს, ელჩების დონეზე შეხვედრებზე, სლოვაკები „სტრატეგიულ სიჩუმეს“ ინარჩუნებენ. ასევე არის ნეიტრალური ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და ირლანდია, რომლებმაც შეიძლება თავი შეიკავონ მონაწილეობისგან“, – განაცხადა წყარომ.