ნანა კაკაბაძე: მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს

მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„ჩვენ და მსოფლიოს ახალი გადანაწილება

დღეს ერთი თვე შესრულდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან. ამ ერთ თვეში ისეთი ტექტონიკური ძვრები მოხდა მსოფლიო პოლიტიკაში, რომ უკვე ყველა საუბრობს ახალ მსოფლიო არქიტექტურაზე, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, იალტაზე და ა. შ.
უკრაინის ომისადმი ახალმა მიდგომამ და ლიბერალური მმართველობის დასასრულმა გამოაჩინა, რომ მართვის მექანიზმად უპირატესი ხდება ბიზნესი და არა პოლიტიკა. ომთან დამოკიდებულებასაც კი ტრამპმა ბიზნესის კუთხით შეხედა და ამერიკის მიერ ამ ომში ჩადებული $350 მილიარდის ამოღების გარანტიები მოითხოვა.

იმასაც ამბობენ, რუსეთთან დაახლოება ტრამპს ჩინეთის საწინააღმდეგოდ სჭირდებაო, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში ევროპა ამერიკის მოკავშირიდან მის ოპონენტად გადაიქცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აშშ-სა და რუსეთის ოპონენტად.

გამოდის, რომ რუსეთის მნიშვნელობის აღიარებიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოზე გავლენების გადანაწილება აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება.

ქვეყნების სიძლიერე იზომება იმის მიხედვით, თუ რამხელა ტერიტორია და რამდენ მოსახლეობაა მოქცეული მისი გავლენის სფეროში. ბოლო დრომდე დომინანტი იყო ამერიკა, ვინაიდან აკონტროლებდა ევროპას, რიგ სხვა ქვეყნებს და გავლენებით შეჭრილი იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც. ტრამპი დღესაც ამ გავლენების გაფართოებისთვის იბრძვის და წინააღმდეგი არ არის, რომ თუ საკუთარ სარგებელს ნახავს, რუსეთთან ზოგიერთ საკითხში გარიგდეს კიდეც.

გავლენებისათვის ამ ბრძოლაზე უარს, რა თქმა უნდა, არც ევროპა იტყვის, არც ჩინეთი და არც არაბული ქვეყნები.

რუსეთს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაზე თავისი გავლენები შენარჩუნებული აქვს.
ტრამპი ხედავს ამ უპირატესობას და იძულებული ხდება ერთის მხრივ ითამაშოს რუსეთის თამაშიც და მეორეს მხრივ იზრუნოს ძალაუფლების განვრცობაზე. ამიტომ დაადგა თვალი გრენლანდიას, კანადას, პანამის არხს, თუმცა ჯერ დალაგებას პირი არ უჩანს.

მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში უკრაინა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მართალია, ევროპა იმედს აძლევს, რომ მის დამოუკიდებლობას აშშ-ს გარეშეც დაიცავს, მაგრამ ზელენსკიმ კარგად იცის, რომ ეს ზღაპარია, რადგან 3 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის დახმარებამ ვერ დაიცვა მისი ტერიტორიის 20% და აშშ-ს გარეშე მის დანარჩენ ტერიტორიას როგორ დაიცავენ? არადა, პროპაგანდისტები მაინც მოუწოდებენ ზელენსკის, რომ რადგან გმირია, უნდა განაგრძოს ბრძოლა გამარჯვებამდე ან „ბოლო უკრაინელამდე“.
ახლა წავიკითხე ერთ-ერთი ქართველი „სლავა უკრაინას“ პოსტი, რომელიც კარგად გამოხატავს იმ ხალხის სულისკვეთებას, რომლებიც სასურველს რეალობად აცხადებენ აი, რას წერს ეს ქალბატონი: „ყველა დანარჩენს რომ თავი გავანებოთ, ნორდიკული ქვეყნები – ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებსაც უშუალოდ შეიძლება დაემუქროთ რუსეთისგან საფრთხე და სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული უკრაინის გამარჯვებაში, ასევე გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა პოზიცია ცალსახაა უკრაინის საკითხში, მხოლოდ ეს ათი ქვეყანა რომ მობილიზდეს და სწორად დაიგეგმოს, მათი ეკონომიკები და ბიუჯეტი საკმარისი იქნება რომ უკრაინასთან ერთად რუსეთს კბილები დაამტვრიონ. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო ეს ათი ქვეყანა არ იქნება უკრაინის გვერდით. მთავარია, რომ უკრაინა არ ნებდება. ყველაფერი იქნება კარგად“.

აი, ასე ამხნევებენ ერთმანეთსაც, უკრაინელებს და ამასობაში რუსეთის ჯარი ნელ-ნელა წინ მიიწევს და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო უარესი პოზიციიდან მოუწევს მოლაპარაკების დაწყება დანგრეულ ქვეყანას. ამაზე უკრაინის ასეთი გულშემატკივრები ალბათ საერთოდ არ იგრძნობენ პასუხისმგებლობას არც დაქცეული უკრაინის და არც დახოცილი უკრაინელების წინაშე.

მოკლედ, წინ მსოფლიოს ახალი გადანაწილება გველის და საქართველომ ამ დროს უნდა გამონახოს შინაგანი ძალა, ჭკუა, მოხერხება და გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რათა თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, დამოუკიდებლობაც შეინარჩუნოს და ყველასთვის საჭირო და მნიშვნელოვან ქვეყნადაც დარჩეს. რაც მთავარია, უნდა გაუძლოს ნორა თორთონების მსგავსი „კეთილისმყოფელების“ რჩევებს, მოწოდებებს თუ მუქარებს და არ დაუშვას სახელმწიფოში ეკონომიკური კოლაფსი, რათა შემდეგ ყველასათვის ადვილად გადასაყლაპავ ლუკმად არ გადაიქცეს. ეს რომ არ მოხდეს და ქვეყანა ცუდი შედეგებისგან დაზღვეულიც რომ იყოს, მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს აშშ-სთან დაახლოებისთვის“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები