საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.
დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.