არჩილ გორდულაძე: არავის დავიწყებია “ლელო” როგორ ითხოვდა რუსეთის ფედერაციისთვის ეკონომიკურ სანქციებს და ისეთ საკითხებს, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა. ახლა მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავჯდებოდი და რუსეთის ფედერაციასთანაც საუბარს დავიწყებდიო – ეს ყველაფერი ჩვეულებრივი უტიფრობაა

“პოლიტიკური შუბლგაწყვეტილობა რომ აგენტურის და ნაცმოძრაობის კლასტერისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა, ეს არახალია. ამის მაგალითია ბატონი ხაზარაძის განცხადებაც”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ განაცხადა, სადაც ის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს.

გორდულაძის თქმით, 2022-2023 წლებში მათ მიიღეს დავალება, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოენგრიათ, მათ შორის, ესკალაცია გამოეწვიათ და მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში. ახლა აქვთ დავალება, რომ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების თაობაზე და სირცხვილის გრძნობაც არ უჩნდებათ, როცა ამ ყველაფერს ასე უტიფრად აცხადებენ.

“არავის დავიწყებია 2023 წლის ნოემბერში როგორ ჰქონდა “ლელოს” ინიციირებული საქართველოს პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ რუსეთის ფედერაციისთვის ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა. ამავდროულად ქმნიდა საფრთხეს, რომ ესკალაცია მომხდარიყო სამხედრო შემოჭრისა და ახლა ეს ყველაფერი შეატრიალა ამ ადამიანმა და ამბობს, რომ მე მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავჯდებოდი და რუსეთის ფედერაციასთანაც საუბარს დავიწყებდიო. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი უტიფრობაა, რომელიც ასე დამახასიათებელია ამ პოლიტიკური ძალისათვის, ზოგადად კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის და პატრონების დავალების შესრულების დროს ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ არც სინდისის, არც ნამუსის გრძნობის შეგრძნებაც კი, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მაშინ, 2022-2023 წლებში მიიღეს დავალება, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოენგრიათ, მათ შორის, ესკალაცია გამოეწვიათ და მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში. ახლა აქვთ დავალება, რომ აჰყვნენ ნარატივს და ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების თაობაზე და საერთოდ, სირცხვილის გრძნობაც არ უჩნდებათ, როცა ამ ყველაფერს ასე უტიფრად აცხადებენ და ცდილობენ, რომ შეასაღონ ქართულ საზოგადოებას.

საბოლოო ჯამში შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ “ქართული ოცნება” აღმოჩნდეს ყველაზე პროევროპული ძალა, ხოლო კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, თავისი პატრონების დავალებით შეატრიალოს თავისი განცხადებები და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები და მოქმედებები გააკეთონ. ზუსტად ეს არის, რომ შეფუთული თუნდაც პროევროპული, პროდასავლური განცხადებების ფონზე დავალებების შესრულებით, მათ შორის, რუსული საქმის კეთებით, ეს არახალია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, მათ შორის, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის და ამ ყველაფერს აკეთებდნენ 2003 წლიდან მოყოლებული და ახლაც არ იშლიან ამ ზნეს”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები