მისივე თქმით, ჯე დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ამხილა ევროპა დემოკრატიის უკუსვლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში.
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ ჯე დი ვენსის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან, ფაქტობრივად, ლექციები წაუკითხა ევროკავშირს დემოკრატიასთან დაკავშირებით. მან ფაქტებით და მტკიცებულებებით პირდაპირ ამხილა, თუ როგორი ტიპის დემოკრატიული უკუსვლა არის ევროკავშირში, როგორ იზღუდება სიტყვის თავისუფლება. ვენსმა ხაზი გაუსვა რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც გაუქმებულად ცნეს და პირდაპირ დაადანაშაულა ბიუროკრატია, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესი იყო.
სხვათა შორის, გააკრიტიკა ევროკავშირის ყოფილი კომისარი, რომელიც ეთერში გამოვიდა და თქვა, ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, თუ სხვაგანაც არ მოგვეწონება ჩატარებული არჩევნების შედეგები, ჩვენ მზად ვართ, სხვაგანაც გავაუქმოთო. სხვათა შორის, ამას ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება არ მოჰყოლია, დუმილი კი ამ შემთხვევაში თანხმობის ნიშანია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსმა ძალიან სერიოზულად გააკრიტიკა ევროპა. მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს აკვირდება. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ ძალიან დიდი სიფრთხილით, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, ისე ღიად ვისაუბროთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. თუმცა ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ აბსოლუტური თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის, არამედ პოლიტიკაში, გზავნილებში, გადადგმულ ნაბიჯებში.
ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს აკვირდებიან და რწმუნდებიან, რომ ის პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მით უმეტეს უკრაინაში ამ ტრაგედიის დაწყების შემდეგ, უალტერნატივო პოლიტიკა იყო. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა და წნეხი იყო არნახული მასშტაბის და ძალიან რთული იყო ამ პერიოდში, რომ ამ გზით გვევლო, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და, შესაბამისად, ვიარეთ სწორი გზით და ვაპირებთ ასეთი გზით გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.