„კიდევ ერთხელ ხდება ამ ინფორმაციის წინ წამოწევა, რომ ამ მანიპულაციით დამატებითი მუხტი შემოიტანონ ჩვენთან დაძაბულობის,“ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვას „დახმარებასთან“ დაკავშირებით გერმანიის ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, გამოყოფილი თანხიდან უდიდესი ნაწილი სესხია, რომლის დაბრუნებაც მოლდოვას უკან მოუწევს.
„ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია იმიტომ, რომ მილიარდ 800 მილიონიდან მილიარდ ნახევარი არის სესხი, რომელიც მოლდოვამ გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ უნდა დააბრუნოს. თან ეს არ არის სამ წელზე გათვლილი. ამის პარალელურად როდესაც საქართველოში არაერთი მილიარდი, არა თუ სესხი არამედ პირდაპირი ინვესტიცია შემოდის საქართველოში. ეს ადამიანი და მისი კოლეგები სხვათა შორის, არ არის ერთადერთი ელჩი სამწუხაროდ საქართველოში, უკვე შემჩნეულები არიან არაერთ მსგავსი ტიპის მანიპულაციური ინფორმაციების გავრცელებაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი მოლდოვას მილიარდ რვაას მილიონ ევროს გადასცემს. არადა ირკვევა, რომ ეს თანხა არა დახმარება, არამედ სესხია, მოლდოვას თანხის დაბრუნება მოუწევს. ამის შესახებ პიტერ ფიშერი მისსავე პოსტში არაფერს არ ამბობს.