ნანა კაკაბაძე: მე ვარ პირადად ის ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ეპოქა გავიარე; ასეთი პერმანენტული და გაუთავებელი შეტევა, როგორიც მიმდინარეობს დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ, საბჭოთა პერიოდშიც არ უნახავს ქვეყანას

“მე ვარ პირადად ის ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ეპოქა გავიარე და დღეს ცხოვრობთ თითქოს დამოუკიდებელ საქართველოში. მინდა გითხრათ, ასეთი პერმანენტული და გაუთავებელი შეტევა, როგორიც მიმდინარეობს დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ, საბჭოთა პერიოდშიც არ უნახავს ქვეყანას”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ნანა კაკაბაძემ მათი განცხადების საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას, “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, დაკითხვის დროს ჩამოთვალა ყველა ის პრობლემა, რომელიც მიაჩნდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვასთან იყო კავშირში.

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. დიახ, ვიყავი გამოკითხვაზე პროკურატურაში. კითხვები იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი საჩივრის ირგვლივ. ძირითადად, ეს ეხებოდა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ დავაყენეთ საჩივარში. ეს იყო საქართველოზე გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და აყენებს ჩვენს ქვეყანას რთულ სიტუაციაში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ასევე გამოძიებისთვისაც ალბათ, ვინაიდან ეს საჩივარში იყო ასახული, თუ როგორი აქტორები იყვნენ ჩართულები ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან იმ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული ფაქტები დავასახელეთ. მე, პირადად, უფრო სწორად დაკითხვის დროს ჩამოვთვალე ყველა ის პრობლემა, რომელიც მიმაჩნდა, რომ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვასთან იყო კავშირში. ამავდროულად, იკვეთებოდა ის რომ, ეს რღვევა, სუვერენიტეტის ხელყოფა ხდებოდა როგორც ქვეყნის შიდა ძალების ჩართულობით, ასევე გარე ძალების დახმარებით და დავაყენე ეს პრობლემები, რომ რაში მდგომარეობდა, ვინ იყვნენ ეს ხალხი, რა ამოძრავებდათ, როდესაც ასეთ ნაბიჯებზე მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, გამოძიება ვალდებულია ეს ყველაფერი გამოიძიოს. მე ვფიქრობდი, რომ საჩივრის გარეშეც პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო იმ უამრავი პრობლემით, რომელსაც მთელი საზოგადოება ხედავს. მე ვარ პირადად ის ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ეპოქა გავიარე და დღეს ცხოვრობთ თითქოს დამოუკიდებელ საქართველოში. მინდა გითხრათ, ასეთი პერმანენტული და გაუთავებელი შეტევა, როგორიც მიმდინარეობს დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ, ასეთი რამ საბჭოთა პერიოდშიც არ უნახავს ქვეყანას“, – აღნიშნა მან.

პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები