ირაკლი კობახიძე – სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა
სამართლებრივი შეფასების მიღმა ყველას შეგვიძლია, ძალიან მარტივად დავადგინოთ ის, რაც დევს ხელისგულზე – რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანები და ძალები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურის გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ვერავინ ვერ გაბედოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა.
„სამართლებრივი შეფასება არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა, დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. ყველა მიმართულებით არის საჭირო სიფრთხილე და ყურადღება და სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება. გამოძიებასთან ერთად საჭიროა, დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სიხარულით, კმაყოფილებით საუბრობენ იმაზე, რომ დეკემბერში გარკვეული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს რეალურად ასეა, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში იქნებოდა დაახლოებით 10 %-მდე, თუმცა რეალურად იყო დაახლოებით 6.5 %. რომ არ ყოფილიყო ღია საბოტაჟი, ჩვენ არ დავკარგავდით მილიონობით დოლარს ჩვენი ეკონომიკისა და შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტისთვის. გამოძიება საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი საბოტაჟი არ განმეორდეს. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა, ეს არის მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობაც,”- განაცხადა პრემიერმა