არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გადის
არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ტოვებს.
პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და არგენტინის მთავრობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობაა.
მანუელ ადორნის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიის მენეჯმენტმა, ყოფილი პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, არგენტინა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ჩაკეტვამდე მიიყვანა და ის გარკვეული ქვეყნების პოლიტიკურ გავლენას დაექვემდებარა.
„არგენტინელები არ დაუშვებენ საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევას ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს ჩვენს ჯანმრთელობაში“, – აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
ამასთან, არგენტინის მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანმო-დან გასვლა ქვეყნის ჯანდაცვაზე გავლენას არ მოახდენს.
კრიტიკოსების მტკიცებით, ეს გავლენას მოახდენს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, მათ შორის ვაქცინების შეძენასა და ეპიდემიის მონიტორინგზე.