ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ოფიციალურად ამოქმედდა. ქვეყნის ძირითადი კანონი მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე დამტკიცდა და ხელისუფლების განცხადებით, ის სახელმწიფო მართვის სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმას ითვალისწინებს.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში აღდგა ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიცვალა პარლამენტის სტრუქტურა და განახლდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებების განაწილების მექანიზმები. ასევე გათვალისწინებულია პოლიტიკური სისტემის ეტაპობრივი გარდაქმნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაზრდა, პოლიტიკური პროცესების დემოკრატიზაცია და მმართველობის სისტემის მოდერნიზაციაა.
ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად ძალადაკარგულად გამოცხადდა 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში სამი ათწლეულის განმავლობაში მოქმედებდა.