ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის – შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგო

საქართველოს შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რადგან ჩინელებს გადასცეს ისეთი ძვირფასი და საიდუმლო ინფორმაცია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც სწორედ ამ ბანკიდან იღებენ პენსიებს, ხელფასებს და სხვადასხვა სახის დახმარებებსო, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ანტიქართული ძალები ყველა მიზეზს და საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის საფუძვლების მომზადებისთვის.

„SOS! აკაცუკებმა ხელისუფლების მორიგი ღალატი გაშიფრეს. დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა მიზეზს და საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის საფუძვლების მომზადებისთვის.

მნიშვნელობა არა აქვს, ეს იქნება ვინმეს ჩაჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაიმე უბედური შემთხვევა, ავადმყოფი ბავშვებისთვის არალიცენზირებული წამლების შეძენაზე უარის თქმა თუ „ტროტუარზე დგომისთვის“ ან ხელისუფლების ერთ დღეში დამხობის წარუმატებელი მცდელობისათვის დაპატიმრებული „პოლიტიკური პატიმრების“ ციხეში ავად გახდომა, რაც თურმე მათი „წამებით და არაადამიანური მოპყრობით“ არის გამოწვეული.

ევროსტრუქტურების რეზოლუციები ხომ ლამის ყოველდღიურ საკვებად ექცათ ჩვენი ქვეყნის პროფესიით „პატრიოტებს“, რომლებიც ციური მანანასავით ელოდებიან მორიგ რეზოლუციას, რომ იქნებ ერთი მორიგი აგური მაინც გამოაცალონ ხელისუფლების და ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკის შენობას.

საქართველოს შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რადგან ჩინელებს გადასცეს ისეთი ძვირფასი და საიდუმლო ინფორმაცია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებიც სწორედ ამ ბანკიდან იღებენ პენსიებს, ხელფასებს და სხვადასხვა სახის დახმარებებსო.

ჯერ ერთი, რა ისეთი დიდი საიდუმლოებაა ამ ბანკთან დაკავშირებული ადამიანების პირადი ნომრები, დაბადების თარიღები, მისამართები და თუნდაც ტელეფონის ნომრები, და მეორეც, ეს ჩვენი „პროჩინური“ ხელისუფლება რაღა მრავალ ასეულ მილიონ დოლარს დაახარჯინებდა „ჩინელ ბატონებს“, მათ საამებლად ხომ ისედაც შეეძლო ეროვნულ ბანკს სრულად გადაეცა ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რაც ლიბერთი ბანკში არსებობდა? მაგრამ ეს რომ გააანალიზო, ამისათვის სულ მცირე ლოგიკური აზროვნება უნდა გაგაჩნდეს და ტვინი არ უნდა გქონდეს ჩაცემენტებული იდეოლოგიური სტერეოტიპებით. ოდნავ თუ გაანძრევ თავს, ის კითხვაც დაგებადება, რომ თუ ასეთი საშიშები და ქვეყნის დამაქცევრები არიან ეს ჩინელები, „მაგთი“, „სილკი“ და „სელფი“ ჩინურ აპარატურას რატომ ხმარობენ, არ ეშინიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით „სრულიად საიდუმლო“ დემოგრაფიულ თუ ფინანსურ მდგომარეობაზე ჰქონიათ წვდომა ჩინელებს?

ისე, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიდი ბანკები და საბანკო კორპორაციები, რომლებსაც არა იმ სახელმწიფოს, არამედ უცხო ქვეყნების დიდი კაპიტალის წარმომადგენლები ფლობენ, ვერ ხვდებიან ასეთ „სასიკვდილო საშიშროებას“ საკუთარი მოქალაქეებისათვის თუ მხოლოდ ჩვენმა „გენიოსებმა“ გაშიფრეს კარს მომდგარი ეს უსაშიშესი საფრთხეები?

რასაკვირველია, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვებია, თორემ არც ისეთი უგუნურები არიან ჩვენი აკაცუკები, რომ არ ესმოდეთ ჩინეთთან თუ სხვა დიდ სახელმწიფოებთან კონტაქტებისა და მოკავშირეობის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

იმასაც კარგად ხედავენ, რომ ჩინეთთან, არაბულ ქვეყნებთან და ტოპ ტვინებისთვის ხელწამოსაკრავ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ შუა აზიის ქვეყნებთანაც სამოკავშირეო ურთიერთობების დალაგებას როგორი მიზანსწრაფულობით ცდილობენ ევროპაც და ამერიკაც.

მაგრამ მათ დღის წესრიგში ხომ საერთოდ არ არის ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა.

მთავარია ჯერ თავი დაირწმუნონ, შემდეგ სხვები დაარწმუნონ, რომ მათ მიერ დემონიზებული ხელისუფლება ქვეყნის მტერია, რომლის მიზანი საქართველოს დაღუპვაა, რუსეთის კოლონიად გადაქცევაა და მხოლოდ ამისათვის აკეთებს ყველაფერს. ეს არის მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკური ჩარჩო და ვინც პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ამ ჩარჩოს ერთი მისხალითაც კი გადაცდება, ისიც „მტრების“ რიგებში გადაინაცვლებს.

ეს იმას ჰგავს, დოღში მონაწილე ცხენს თვალთახედვის არეალს გვერდებზე რომ უზღუდავენ, რათა მხოლოდ პირდაპირ იყუროს და თვალი სხვაგან არ გაექცეს.

ცხენებზე და ცხოველებზე ეს გამართლებულია, რადგან მათ აზროვნების ნაცვლად პატრონების ბრძანებების შესრულება ევალებათ, მაგრამ ადამიანები ხომ მოაზროვნე არსებები არიან და რატომ ცდილობთ მათ აზროვნების სივრცე არათუ შეუზღუდოთ, არამედ საერთოდ აუკრძალოთ გვერდზე გახედვა და იმაზე მსჯელობა, ხომ არ არის უკეთესი არა პირდაპირი (მით უმეტეს, როცა ჩანს, რომ ეს პირდაპირი გზა კედელს ეხეთქება), არამედ შემოვლითი გზები? ასე ხომ სწორედ მათგან ვითომ უარყოფილი კომუნისტები იქცეოდნენ, როდესაც ყველაფერს ბოროტს და მოღალატებობრივს ეძახდნენ, რაც მათ მიერ დაწესებულ პოლიტიკურ ჩარჩოებს სცილდებოდა.

ოდნავი ცივილიზებული და საღი აზროვნება სჭირდება იმის გაგებას, რომ თუ რომელიმე მედიის ან ჟურნალისტის პოზიცია შენთვის მიუღებელია, მას „პროპაგანდისტულად“ და ტყუილების გამავრცელებლად თვლი, ოპონენტის ჩაქოლვა, დასანქცირება და გაუქმება კი არ უნდა ეცადო, არამედ მას შენი სიმართლე უნდა დაუპირისპირო, ტყუილს სიმართლით უნდა ებრძოლო.ეს არის პატიოსანი ბრძოლის ფორმაც და საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნვაც.

ამ ჩვენმა აკაცუკებმა ვერ გაიგეს და ვერ გაითავისეს, რომ ინტერნეტის ეპოქაში შეუძლებელია სიმართლის დამალვა. რაც უნდა ბევრჯერ გაიმეორონ ტყუილი, ან ტყუილგარეული სიმართლე, არსებობს უამრავი ალტერნატიული საინფორმაციო საშუალება და ადამიანების უმრავლესობა, მაინც საკუთარი აზროვნებით მიდის სიმართლემდე. ამიტომ აღიზიანებთ აკაცუკებს პრო-სახელისუფლებო 2 თუ 3 ტელე-მედიასაშუალების („პროპაგანდისტულს“ რომ ეძახიან) არსებობა და თავიანთ უცხოელ ლობისტებს ეხვეწებიან, რომ როგორმე გააჩუმებინონ, რადგან სიმართლემ და განსხვავებულმა აზრმა ხალხამდე ვერ მიაღწიოს. თორემ მათ ხომ გაცილებით მეტი ტელე და ინტერნეტ საშუალება აქვთ, სადაც მართლა გებელსისეული პროპაგანდა იღვრება დღე და ღამე.

დემოკრატიული პრინციპები სწორედ ჯანსაღ კონკურენციას გულისხმობს და არა კონკურენტების თავიდან მოშორებას.

მაგრამ როდესაც თავი და გული მხოლოდ ბოღმით, შურით და ხელისუფლების ნებისმიერი გზით დაუფლების სურვილით გაქვს დახშული, მაშინ ჩინელებისათვის საქართველოს მოქალაქეების მონაცემების გადაცემის უსაფუძლო და სულელური მიზეზი, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მძლავ არგუმენტად გეჩვენება“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები