რისი იმედი აქვს ნათია ჯანაშიას და რა არის მისი რეალური მიზანი – გიორგი ცუცქირიძის განმარტება
„ერთი შეხედვითაც იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიას მაღალფარდოვანი ნარატივის მიღმა პრაგმატული მოლოდინებია. ბოლო პერიოდში მის მიერ გავრცელებული განცხადებებისა და კომენტარების ანალიზი ცხადჰყოფს, მისი აქტივობები გათვლილია კონკრეტულ შედეგზე, რომლის მიღწევასაც მისი მხარე მიზანმიმართულად ცდილობს”, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” აქციონერებს შორის მიმდინარე გახმაურებულ ბიზნესდავას აკვირდება და პერიოდულად საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს საზოგადოებას.
მისი თქმით, საჯარო სივრცეში არსებული ფაქტობრივი მასალისა და ექსპერტული შეფასებების ანალიზი საშუალებას იძლევა, მკაფიოდ დავინახოთ, თუ რაზე აგებს ტაქტიკურ გათვლებს აკადემიის მინორიტარი აქციონერი (30%) ნათია ჯანაშია და რის მიღწევას ცდილობს ის რეალურად.
“ნათია ჯანაშიას სამართლებრივი და ტაქტიკური იმედები სამ ძირითად საყრდენზეა აგებული. ესენია: საერთაშორისო იურისდიქციისა და რეპუტაციული ბერკეტის გამოყენების ეფექტი; პროცესის პოლიტიზების მცდელობა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
კერძოდ, ვინაიდან “საქართველოს კაპიტალის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კოტირებული, ჯანაშიას აქვს იმედი, რომ საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებითა და რეპუტაციული სენსიტიურობით, ინვესტორზე სერიოზულ ფინანსურ და საინფორმაციო ზეწოლას მოახდენს.
ქართული მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევაზე აპელირებითა და “ოლიგარქიული გავლენების” ნარატივის წინ წამოწევით, ჯანაშია ცდილობს დავას პოლიტიკური ელფერი შესძინოს. იკვეთება, რომ მისი გათვლაა, დასავლურ მედიასა და სასამართლოებში ამგვარი ხმაურიანი განცხადებებით ინვესტორს უკან დახევა აიძულოს.
საკუთარი გამოცემის ონლაინ-პლატფორმებისა და სოციალურ ქსელებში დასპონსორებული კამპანიების მეშვეობით კი ის იმედოვნებს “სახალხო სასამართლოს” მოწყობას და მორალური უპირატესობის მოპოვებას – ნარატივით, რომ ინვესტორმა მისი “წილი მიიტაცა” და დაპირებები დაურღვია”, – აღნიშნავს ცუცქირიძე
ანალიტიკოსი განმარტავს იმ კონკრეტულ მიზნებსაც, რომელიც მისი ვარაუდით ნათია ჯანაშიას რეალურ სურვილებს ასახავს.
“მიუხედავად აღნიშნული ხმაურიანი რიტორიკისა, ანალიზი აჩვენებს, რომ ჯანაშიას რეალური ინტერესები გაცილებით პრაგმატულია.
კერძოდ, მას სურს ბიზნესზე სრული კონტროლის დაბრუნება, ანუ წილის უკან გამოსყიდვა იმ ფასად, რასაც თავად მიიჩნევს რელევანტურად. მერე რა, რომ 2019 წლის დროინდელი, 70%-ის ღირებულება – 29,3 მილიონი ლარი გაცილებით გაიზარდა სწორედაც რომ “საქართველს განათლების ჯგუფთან”პარტნიორობის შედეგად. მისი მიზანი მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღებაა და რეალურად ვაჭრობს მისთვის მისაღებ ფასზე. დავის ძირითადი თემა, რეალურად, წილის გამოსყიდვის ღირებულებაა.
აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჯანაშია 2024 წელს დაუკავშირდა ინვესტორს და წილის გამოსყიდვა შეთავაზა, მაგრამ შემდეგ უარყო ინვესტორის შემხვედრი წინადადება, 33%-ით ძვირად შეეძინა, მინორიტარის საკუთრებაში არსებული 30%-იან წილი, ვიდრე თავად ჯანაშია იხდიდა წილის ერთეულზე გადაანგარიშებით.
ამ უარით მან გააშიშვლა საკუთარი რეალური განზრახვა, რომ რეპუტაციული და პოლიტიკური შანტაჟის ფონზე, აიძულოს ინვესტორი კომპანია, კიდევ უფრო გაზარდოს გამოსასყიდი ფასი.
თუმცა, ფაქტია, რომ “საქართევლოს განათლების ჯგუფი” შანტაჟის ამ კამპანიას არ დაექვემდებარა და როგორც ჩანს, ეს გახმაურებული დავა ქართული თუ უცხოური მართლმსაჯულების ყველა სათანადო ინსტანციას ბოლომდე გაივლის”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ცუცქირიძე იქვე დასძენს, რომ მთავარი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ნათია ჯანაშიას მიმდინარე სტრატეგია ეყრდნობა არა იმდენად მყარ სამართლებრივ არგუმენტებს (მითუმეტეს, ლისის კამპუსის მშენებლობისას მისი მენეჯმენტის პერიოდში 4-მილიონი დოლარის მიტაცება-გაფლანგვის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფონზე), არამედ აგრესიულ საინფორმაციო ომს.