თეა წულუკიანი – PACE-ზე: რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაც უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ; ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად

“იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

„თქვენ ევროსაბჭოს ძირითადი შენობის დერეფნებში, სავარძლებზე, კაფეტერიაში და სხვა ამგვარ ადგილებში მრავლად ნახავდით ჩვენს ე.წ. არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც რომ მიეღოთ ქართული მანდატები საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც საქართველოს პარლამენტში წევრად არ არის არჩეული, მაგალითად თქვენ იქ ნახავდით ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც დერეფნებში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომელიც თავის ქვეყანას ებრძოდა დერეფნებში და სხვადასხვა სამუშაო ოთახებში შეხვედრებს აწყობდა.

უკრაინელებს და ბალტიისპირელებს განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკა ჰქონდათ არჩეული და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ხოლმე მაშინ, როდესაც ესა თუ ის სხდომა გახლდათ დახურული. ეს იყო საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც ისინი არ ერიდებოდნენ პირად შეურაცხყოფას, იმის ძახილს, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ მოგზავნილი და ბევრ მსგავს აბსურდულს ეპითეტს.

ჩვენთვის წითელი ხაზი იყო განსაკუთრებით პირველი დათქმა, რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ ჩვენი თავებით უნდოდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა, რომ თუ გინდათ, რომ ეს დელეგაცია კარგად იყოს და გააგრძელოს აქ მუშაობა, მაშინ ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს ხმები ჩვენ გვეკუთვნის, ეს ხმები ყველგან დასაცავია და უნდა დაგვეცვა, ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით მძევლობაზე.

სხვა გზა არც ჰქონდათ [საპარლამენტო ასამბლეას] იმიტომ, რომ რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ. ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად იმიტომ, რომ ჩვენ წამოვედით. ოპოზიციამ ალბათ, უნდა გადაწყვიტოს, სად წაიღოს ახლა ეს დათქმები და პასუხი ალბათ, გასაგებიც არის, თუ სად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები