თურქეთის ხელისუფლებამ, ანტალიაში, სულ მცირე 50 სასტუმრო დალუქა
თურქეთის ხელისუფლებამ, ანტალიაში, სულ მცირე 50 სასტუმრო დალუქა მას შემდეგ, რაც ბოლუს პროვინციაში მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, სტამბოლი 3 თებერვლისთვის ყველა კანონდამრღვევი სასტუმროს დახურვას გეგმავს.
სააგენტო DHA-ს ცნობით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყნის 81-ვე პროვინციას სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა იმ სასტუმროების ფუნქციონირების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, რომლებსაც სასტუმროს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები არ გააჩნიათ.
დოკუმენტები გაიცემა, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან კოორდინირებულად, რათა გავაძლიეროთ ხანძარსაწინააღმდეგო შემოწმებები ყველა შენობაში. ტურიზმის სამინისტროს შემოწმების შემდეგ, 50 ტურისტულ ობიექტს მათი დახურვის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ“, – განაცხადა ანტალიაში მურატფაშას რაიონის პრეფექტმა, უმიტ უისალმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, ბოლუს პროვინციაში, 21 იანვარს ღამით, ხანძარი გაჩნდა. სასტუმრო „გრანდ კარტალში“ გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.