“ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში” – ომბუდსმენი
“ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი უკვე კარგა ხანია, ძალიან ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს მზია ამაღლობელის საქმეზე. ჩვენ 7-ჯერ ვიყავით მასთან შესულები და ყველა ინფორმაციას, რასაც ვიღებთ პენიტენციური დაწესებულებიდან, ვუზიარებთ მის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრაც ეხებოდა სწორედ ამას. მათ აინტერესებდათ ჩვენ მანდატის ფარგლებში რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მალე მოხდეს ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი მხრიდან განვმარტეთ და გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ ყველა ინფორმაცია იქნება გაზიარებული და ყველა ძალისხმევა გატარებული, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებთან დაკავშირებით პასუხები ამომწურავად იქნეს გაცემული.
არცერთი შემთხვევა არ ყოფილა არამარტო ქალბატონი მზიას, არამედ ზოგადად მსჯავრდებულების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოგვმართეს და უყურადღებოდ დავტოვეთ რომელიმე მსჯავრდებული ან ბრალდებული. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველი, მისი აპარატი, მისი მიდგომა არის თანმიმდევრული. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, არის საჯარო და ვუზიარებთ, მხარეებს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ მხარეს ვაწვდით ინფორმაციას და ამას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.