ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო, ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად გამორჩეული პირველიერარქის, მრავალმხრივი განათლების მქონე, ქრისტეს დაუღალავი მსახურის, ალბანეთის ეკლესიის განმაახლებლის, აღიარებული თეოლოგისა და მშვიდობისმყოფელის; სოციალური, საგანმანათლებლო, საგამომცემლო, ახალგაზრდული და სხვა ცენტრების დამაარსებლის, ეკლესია-მონასტერთა მაშენებლის, ეკლესიათაშორისი ურთიერთობების აქტიური მონაწილის, მრავალი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორისა და საერთაშორისო ჯილდოთა მფლობელის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა, რაც მან აღასრულა უფლის სადიდებლად.
ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის წმ. სინოდს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მთელ ალბანელ ხალხს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია უნეტარესი ანასტასიოსის ხსოვნა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო მის სამწყსოს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა”, – წერია გავრცელებულ წერილში.