“სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები” – შალვა პაპუაშვილი
“სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირი ჩართულობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ევროკავშირის პოსტსაბჭოთა წევრები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რა უნდათ ვთქვათ, ყველგან ბრიუსელი – არსად ევროპა. ასე შეიძლება შეფასდეს [განცხადებები] სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირი ჩართულობა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ევროკავშირის პოსტსაბჭოთა წევრები. პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს დღისით, მზისით ხდებოდა, დაუფარავად, უხეშად. ქართველმა ხალხმა მათ ყველას უთხრა უარი იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩია საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
ეს არის [უვიზოს შეჩერება] ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართულ არჩევნებში უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევით და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მათ შორის ქალბატონი იუკნევიჩიანეს განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები პირდაპირ გამოწვეულია ქართველი ამომრჩევლის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. ესტონეთის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე იდგნენ საქართველოში იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მხარი არ დაეჭირათ. ეს მინისტრები იქ [მინისტრების შეხვედრაზე] ოთახში რომ დასხდებიან და ეცდებიან ყველანაირად დააზიანონ ქართველი ხალხი, რომელმაც მათ საკადრისი პასუხი გასცა, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება იმას, რომ დიპლომატების დასჯა ხდება, ომის დროსაც კი ხელშეუხებლები არიან დიპლომატები. როცა ზოგიერთი ევროპელის მხრიდან გვესმის ასეთი განმარტებები და შეფასებები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცილებულია ზოგიერთი ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას და სამწუხაროდ, ბევრ მაგალითს ვხედავთ ბოლო პერიოდში, როდესაც პასპორტის მიღმა არანაირი ევროპული ღირებულება აღარ ჩანს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა