ჰამასი ადასტურებს, რომ ამ კვირაში 6 მძევალს გაათავისუფლებს
„ჰამასი“ მიმდინარე კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, სამი მძევალი პარასკევამდე გათავისუფლდება, სამი კი პირველ თებერვალს.
პარალელურად, „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს წევრი მუსა აბუ მარზუკი ამბობს, რომ დაჯგუფებამ, შესაძლოა, უარი თქვას ომის შემდგომი ღაზის მმართველობაზე და მზად არის, ამ საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყოს.
მარზუკის თქმით, „ჰამასს“ ესმის, რომ მმართველ ორგანოს როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება.
გასულ თვეში „ჰამასი“ და პალესტინის ადმინისტრაციის მმართველი პარტია „ფათჰი“ შეთანხმდნენ, რომ შექმნან კომიტეტი ომის შემდგომი ღაზის ერთობლივი ადმინისტრირების მიზნით. გეგმის თანახმად, კომიტეტი უნდა შეიქმნას 10-15 უპარტიო ფიგურისგან, რომლებსაც ექნებათ უფლებამოსილება ეკონომიკასთან, განათლებასთან, ჯანდაცვასთან, ჰუმანიტარულ დახმარებასა და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.