“სამწუხაროდ, „იულიუს ბერი“ უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას” – მათიკაშვილი
“სამწუხაროდ, „იულიუს ბერი“ უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც შვეიცარიულ ბანკთან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, „იულიუს ბერთან“ ურთიერთობები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ იგივე „დიფ სთეითი“ ამხილა.
„განსაკუთრებით არსებული მოცემულობა გამძაფრდა 29 აპრილის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტია იგივე „დიფ სთეითი“. ჯერ აშშ-ის ელჩმა გამოთქვა დიდი პროტესტი, შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მათთვის მიუღებელი იყო ასეთი განცხადებები – ვგულისხმობ, იმ განცხადებას, რითაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“. სწორედ ამ მომენტის შემდგომ „იულიუს ბერმა“, როგორც მანამდე „კრედიტ სუისმა“, საზოგადოებას ახსოვს ეს სამართლებრივი დავა, ანალოგიურად დაიწყო პრობლემების შექმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.