ჯანმო აშშ-ის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გეგმაზე. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს.
შეერთებული შტატებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში რეფორმების უდიდესი კომპლექტი მიიღო ისტორიაში, რათა მოგვეხდინა ჩვენი ანგარიშვალდებულების, ხარჯების მხრივ ეფექტურობისა და ქვეყნებში გავლენის ტრანსფორმირება.
ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს [გადაწყვეტილებას] და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.