დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამედოვთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამედოვთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანს შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და მიმდინარე სამუშაო ფორმატები მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავების და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
ხაზი გაესვა ინსტიტუციურ ჩარჩოს, მათ შორის, 2022 წელს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და 2025 წელს შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას სექტორული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
„შეხვედრაზე განვიხილეთ აგროსასურსათო სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საქართველო-აზერბაიჯანს შორის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება და არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი მისი შემდგომი გაფართოებისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.