1882 წლის 20 იანვარს, ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა დავით ერისთავის დრამა – „სამშობლო“

1882 წლის 20 იანვარს, ქართული თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“, რომელსაც დაესწრო ილია ჭავჭავაძეც.
ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქვეყნებს.
„სპექტაკლის დროს სცენაზე გამოიტანეს ქართული დროშა, რასაც ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება და წარმოდგენა ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცარისტული პრესის წარმომადგენელმა მ. კატკოვმა თავის გაზეთში „Московские ведомости“ (1882 წ., 13 თებერვალი, N 44) გამოაქვეყნა კორესპონდენცია, რომელშიც მასხარად იყო აგდებული ქართული დროშა, ფეხქვეშ იყო გათელილი ქართველი ერის თავმოყვარეობა და ისტორიული წარსული – უმჯობესია, თქვენი დროშა ცირკს მიჰყიდოთ, ვიდრე სცენაზე აფრიალოთ წარსულის მოსაგონებლადო.
ქართველი ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მათი ეროვნული ღირსების დაცვა ილია ჭავჭავაძემ იკისრა – ამ ამაზრზენი კორესპონდენციის საპასუხოდ მან დაწერა ცნობილი წერილი „კატკოვის პასუხად“, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა მეფის რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმი და ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული პოლიტიკა:
„გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება მისი, რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა ჰსცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის არამც თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედა-მიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია – იმისი ეგრედ უკადრისად ხსენებას არ ვიცით რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრედ მომხსენებელი რა სულიერებში შევრიცხოთ… თვით ბარბაროზიც კი არ იკადრებდა ეგრედ გაუპატიურებას მთელის ერისას!“
(გაზეთი „დროება“, 1882 წ., 24 თებერვალი, N 40), – .აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები