ანჯეი დუდა: უკრაინამ ნატოში მიწვევა ახლავე უნდა მიიღოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უკრაინა ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ.
European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ დუდამ ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტურ გარანტიად ნატოში გაწევრიანება მიაჩნია, თუმცა, მისივე თქმით, საომარი მოქმედებების დასრულებამდე გაწევრიანება შეუძლებელია.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მიწვევის მიღება უკვე შეუძლია.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაჟინებით მოვითხოვ, რომ ნატოს ქვეყნებმა უკრაინას წევრობისთვის მოწვევა მისცენ. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მიერ უსაფრთხოების რეალური გარანტიების გაცემასთან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სულ უფრო მეტი ლიდერი უკრაინის ნატოში მიწვევის მომხრეა.