„ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
კალაძის თქმით, ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დაასრულონ.
„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ყველამ დაინახა. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით. ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მომხდართან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
„ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა. საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. ეს არის მათი დღის წესრიგი, მხოლოდ სიცრუეზე და სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რომელზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.