ვლადიმერ ბოჟაძე: 28 ნოემბერს პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ 90%-მდე შევასრულებთ ყველა ვალდებულებას ევროდირექტივების შესრულების თვალსაზრისით
„ჩვენი 28 ნოემბრის განცხადება ერთადერთს ემსახურებოდა – პრევენციას და მეტი ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ, ერთი სახელმწიფო ვასრულებთ ვალდებულებებს თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების ხელშეკრულებების თვალსაზრისით, ასევე სხვა უამრავი რეგულაციისა თუ რეკომენდაციის თვალსაზრისით, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს, თუმცა გადაწყვეტილება ევროკავშირის მისაღებია“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროინტეგრაციის კუთხით აგრძელებს ყველა ვალდებულების შესრულებას და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრებისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად.
„ევროკავშირს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენგან დამოუკიდებლად (რადგან ჩვენ ამას ვიმსახურებთ) მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნაზე და ეს პროცესი არ გაიწელოს და არ გახდეს პრობლემური, ისე, როგორც ეს გახდა კანდიდატის სტატუსზე. შეგახსენებთ უსამართლო გადაწყვეტილებას 2022 წელს და ასევე შეგახსენებთ ოპოზიციის განცხადებებს მაშინაც და მერეც. ასე რომ ჯერი ევროკავშირზეა, ჩვენ ჩვენი მხრივ ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას და პირიქით, 28 ნოემბერს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ავიღეთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჩვენს პარტნიორებთან, რომ 90%-მდე შევასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, ევროდირექტივების შესრულების თვალსაზრისით და ა.შ. და 2028 წელს ჩვენი მხრიდან დადგება მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნა, რადგან ჩვენ ამისთვის ვიქნებით აბსოლუტურად მზად და არანაირი მიზეზი არ ექნება ევროკავშირს რომ უარი გვითხრას. მინდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ უკრაინაზე და მოლდოვაზე [მეტად] კი არა, ვისაც ჩვენსავით კანდიდატის სტატუსი აქვს, თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები, შეფასებები წაიკითხონ, მოისმინონ და თუ ვინმე იმსახურებს 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს იქნება სწორედ საქართველო და ეს იქნება სწორედ ქართული ოცნების დამსახურებით, რადგან ჩვენი ასეთი დავალება მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისგან“, – განაცხადა ბოჟაძემ.